საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ ტაშკენტში ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვები განიხილა
ტაშკენტში, სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ლოჯისტიკური კომპანიების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, კახა გუდიაშვილი დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, განხილვის მთავარი თემა – ჩინეთიდან თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპასთან დამაკავშირებელი კორიდორის არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები იყო. მარშრუტი, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა კონტეინერების გადაზიდვის მზარდი ტენდენციით გამოირჩევა.
შეხვედრებზე უცხოელმა კოლეგებმა საკონტეინერო გადაზიდვების შეუფერხებელი მუშაობისთვის მხარეთა პასუხისმგებლობები, გადაზიდვის ვადები და სატარიფო პირობები განიხილეს. ასევე იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, არსებულ მარშრუტზე ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება.