რა შეზღუდვები გააუქმა საკოორდინაციო საბჭომ – სრულად
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან, დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების გარდა, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია გაუქმდება, მათ შორის გაუქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებაც.
საქართველოს აუცრელ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შემოდიან, თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ.
„უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის ღონისძიებებზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან „პისიარ“ ტესტის გარეშე. შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა. პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა, უქმდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.