ოთარ შამუგიას თქმით, მთავრობა ფერმერების სესხებს დაასუბსიდირებს
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, ფერმერების სესხების 12 თვის პროცენტის ნაწილს, წლიურად 8%-ს, სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.
გარდა ამისა, ოთარ შამუგიას განცხადებით, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფო ფერმერებს 80%-ს დაუფინანსებს.
მინისტრის თქმით, შეღავათიან აგროკრედიტში ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის ბანკის მიერ გაცემული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.
“რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რათა გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის. აქედან გამომდინარე ორი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება.
პირველი ეს არის შეღავათიან აგროკრედიტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლოვანი კულტურის წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, რომლის ფარგლებშიც დააფინანსებენ თავიანთი საბრუნავი სახსრებისთვის საჭირო ფულად რესურსებს ისეთი საჭიროებისთვის, როგორიცაა სათესლე მასალები, საწვავი, ტექნიკის დაქირავება, ასევე სხვა ხარჯები, სახელმწიფო 9%-ს დაასუბსიდირებს ასეთი სესხის ფარგლებში. პროექტის მიხედვით ბანკის მიერ გაცემული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.
მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხება სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას. ახალი პროგრამა ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს 80%-იან თანადაფინანსებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.