არის თუ არა ნინო ბურჯანაძე კვლავ რუსეთის “მეხოტბე” – რა განმარტებას აკეთებს ანზორ ბიწაძე

“ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ამ კონფლიქტის დასრულებაში საქართველოს როლზე საუბრისას, პრორუსული განწყობით ცნობილ პარტიის დამფუძნებელ ნინო ბურჯანაძის დამოკიდებულებებზეც გააკეთა კომენტარი.

გადაცემის წამყვანმა 2018 წელს ბურჯანაძის განცხადება გაიხსენა, სადაც ის ამბობს, რომ “პუტინმა ფეხზე დააყენა რუსეთი, გახადა ძლიერი, სტაბილური ქვეყანა. მას ანგარიშს უნდა უწევდეს ყველა, მათ შორის მეზობელი პატარა ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვიღაცას უნდა დაემორჩილოს, პრინციპში ამას არავინ ითხოვს” და ანზორ ბიწაძეს ჰკითხა, თუ რა შეიცვალა ამ განცხადების შემდეგ მათ პარტიაში.

“რუსეთმა უნდა დაინახოს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ თუკი მათ სურთ, ისეთი გავლენა ჰქონდეთ მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორიც ეს ევროკავშირს ან დასავლელ პარტნიორებს აქვთ, უნდა გაიგონ, რომ მათი გადასაწყვეტი ვერცერთ ქვეყანაში ვერ იქნება – ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, ვინ უნდა იყო ხელისუფლებაში. ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც არის ხალხის მიერ არჩეული და ამ შემთხვევაში, ქართველი ხალხის მიერ არჩეული. ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს რუსეთს.
რაც შეეხება განცხადებას, კონტექსტი არის განსხვავებული. 2018 წლის რუსეთსა და 2022 წლის რუსეთს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. დასავლეთის პოზიციებს შორისაც არის უდიდესი სხვაობა. 2008 წელს არც სანქციებზე საუბარი იყო, არც ევროსაბჭოდან გაურიცხავთ, არც იმხელა ზეწოლა ყოფილა ჩვენ გამო დასავლეთის მხრიდან რუსეთზე. ნახევარი დასავლეთის პოზიცია ორაზროვანი იყო და მეორე ნახევარი იმდენად პროაქტიული არ იყო. არ ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები უნდა გავარჩიოთ და გავაკეთოთ”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები