დავით ნარმანია: რუსულ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოს რუსულ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე მაღალი დამოკიდებულება არ აქვს.
“წლების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 10%-ს არ აღემატება, 90%-ზე მეტ ბუნებრივ აირს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, სხვა წყარო – გამომდინარე ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან და მეზობლების ხელთ არსებული რესურსებიდან – არ გვაქვს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, ბოლო წლებში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 7%-ს შეადგენდა. ამ სტატისტიკაში ასევე გათვალისწინებულია ოკუპირებული აფხაზეთისთვის ზამთრის თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტი, რომელიც 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსთვის შემოტანილი იმპორტი. გარდა რუსეთისა, ელექტროენერგია შემოგვაქვს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს”, – აცხადებს ნარმანია.
მისივე ცნობით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის თვალსაზრისით, 2021 წელი ოდნავ განსხვავებული იყო, კერძოდ წლის განმავლობაში რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი 15%-ს შეადგენდა.
“15% იყო რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი ჩვენს მოხმარებაში თუმცა ამის გამომწვევი იყო ის ფაქტი, რომ 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში აზერბაიჯანში გაზსადენზე ჰქონდათ ავარია და მოხდა ტექნიკური ხარვეზი მიწოდებაში. როგორც კი ეს ავარია აღმოიფხვრა ისევ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს ეს მაჩვენებელი, ამდენად რუსეთზე ბუნებრივ აირზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს”, – აღნიშნა ნარმანიამ.