ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის,
მაია ბითაძის განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართალდამრღვევ პირს გაეგზავნება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ფოსტის საშუალებით.
„იმ შემთხვევაში თუ მისამართზე არყოფნის ან აქტის გაცნობაზე უარის თქმის გამო საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდება, გაცნობად ჩაითვლება აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ცვლილების საფუძველზე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა, სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული დადგენილებების აღსასრულებლად მიქცევა. ამასთან, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაუბარებლობა ვეღარ გახდება აღსრულების შემაფერხებელი გარემოება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. კომიტეტმა ასევე იმსჯელა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შემუშავდა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ბუპრენორფინის ოდენობების ახლებურ განსაზღვრას ეხება. „ბუპრენორფინი, თავისი ქიმიური, ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური თვისებებით, მკვეთრად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული სხვა ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკებისაგან. სხვა ოპიოიდების მსგავსად, ის ურთიერთქმედებს თავის ტვინში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებთან, მაგრამ ამ ურთიერთქმედების მექანიზმი სრულიად განსხვავებულია”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
დისკუსიის შემდეგ, კომიტეტისა და მომხსენებლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო იმისათვის, რომ დეპუტატებმა კომიტეტის შესაბამის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების ავტორებსაც მოუსმინონ. დღესვე კომიტეტმა განიხილა 10 000 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია ყველა პატიმრისათვის სასჯელის ერთი წლით შემცირებისა და ჰუმანურ ამნისტიასთან დაკავშირებით. პეტიციის ავტორი პატიმრების ოჯახის წევრთა გაერთიანება „პატიმარი ადამიანია”. მიუხედავად იმისა რომ კომიტეტმა არ გაიზიარა პეტიცია, კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისი შინაარსი და მასში არსებული არგუმენტები მხედველობაში იქნება მიღებული შესაბამის კანონპროქტზე მუშაობის პროცესში.