გიორგი ცუცქირიძე: დარწმუნებული ვარ, პუტინის რეჟიმს რუსი ხალხი გამოუტანს განაჩენს

 

“დღეს უკრაინელი ერი იბრძვის არა მხოლოდ ევროპის თავისუფლებისათვის, არამედ ჩვენი მომავლისათვის და თავად რუსეთის გადასარჩენად!”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პუტინის რეჟიმს რუსი ხალხი გამოუტანს განაჩენს.

“დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრძოლიდან უკრაინა ასჯერ გაძლიერებული გამოვა და ახალი ევროპის სახეც გახდება. ამით დასრულდება ზოგიერთ ევროსკეპტიკოსთა ნიჰილიზმი, უცხოეთში და ჩვენთანაც უკრაინის მომავალზე, რუსულ ნარატივზე, რომ იჯდა და უკრაინის ორად გაყოფას წინასწარმეტყველებდა.
რუსული ნეო იმპერიალიზმისაკენ სვლა, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინის მესამედ გაპრეზიდენტების შემდეგ გააქტიურდა, არამარტო რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კრემლის პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურებით. სავსებით სწორად არის მიჩნეული, რომ დისკურსი, რომელიც „გარყვნილ დასავლეთსა“ და „კონსერვატიულ რუსეთს“ შორის იდეოლოგიურ განსხვავებას უსვამს ხაზს, სადაც რუსული ეკლესია ამ დოქტრინის მხარდამჭერადაც კი გამოდის, განსაკუთრებით აქტიურია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც რუსულ და დასავლურ ნორმატიულ ჰეგემონიებს შორის ერთგვარ ბრძოლის ველად იქცა, მათ შორის საქართველოშიც.
საბოლოოდ პუტინის ნეო იმპერიალიზმი იქამდეც მივიდა, რომ უკრაინაში ჩეჩნეთის ომის შემდეგ, რასაც დანგრეულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებთან ერთად, 300 000 ჩეჩენი ხალხის სიცოცხლე შეიწირა, მართლმადიდებლურ უკრაინაში არანაკლები სისხლიანი ჰუმანური ინტერვენცია განახორციელა, ახლა უკვე დენაციფიკაციის იდეოლოგიით.
დღეს ბევრი, მათ შორის დასავლეთში სავსებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ პუტინის აღზევება დასავლეთის ბრალიც არის, რომელმაც მას ჯერ ჩეჩნეთის გენოციდი, შემდეგ საქართველოს ინტერვენცია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონდა, რასაც ჯერ ყირიმის ოკუპაცია და ახლა უკვე უკრაინის ინტერვენცია მოყვა. პუტინის აღზევება ამიტომაც ჰპოვებს ანალოგებს ფაშისტურ გერმანიასთან. დასავლეთი მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ულტიმატუმი ნატოს -თან ერთად, მთელ ევროპას და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს წაუყენა, ხოლო უკრაინის ინტერვენცია ამ ულტიმატუმის ნაწილად იქცა.
სანქციები რუსულ ეკონომიკას არა მხოლოდ სერიოზულად დააზიანებს, და მინიმუმ 15 წლითაც უკან დაწევს, არამედ მის საერთაშორისო იზოლაციასაც გარანტირებულად უზრუნველყოფს, რაც ყველას შეეხება ოლიგარქებსაც და უბრალო მოქალაქეებსაც, მაგრამ ამ მართლა ანტიადამიანურ რეჟიმს ისევ რუსი ხალხი დაასრულებს! ამის ნიშნები უკვე იკვეთება, თუნდაც ცალკეული პირების და საზოგადო მოღვაწეთა ნაწილის ღია პროტესტით და რუსეთის ქალაქებში შედარებით მცირერიცხოვანი საპროტესტო გამოსვლებით. ვერანაირი დიქტატურის დამყარებით, ამ საპროტესტო მუხტის შეჩერება ვეღარ მოხდება და ვერც ირანიზაცია და მით უმეტეს კორეიზაცია რუსეთში ვერ გამოვა. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, დამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში რუსეთში არის ახალი თაობა, რომლისთვისაც მე-18 საუკუნის კლიშეებით აზროვნება მიუღებელია!
რუსეთის ისტორია, გარდა ბოლშევიკური რევოლუციისა იცნობს დეკაბრისტების აჯანყებასაც, რომლებიც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ითხოვდნენ რუსული სახელმწიფოს კონსტიტუციურ მონარქიულ წყობაზე გადაყვანას, ფედერალური მთავრობით და სახელმწიფო კონსტიტუციით. მართალია, მაშინ მათი ბრძოლა მარცხით დასრულდა, მაგრამ სათავე დაუდო კონსტიტუციონალიზმს რუსეთის იმპერიაში.
როდესაც სკეპტიციზმი გამოითქმება რუსულ ველიკოდერჟავულ შოვინიზმზე და იმპერიულ სულისკვეთებაზე, უნდა გვახსოვდეს გასული საუკუნის გერმანიის ისტორიაც, გერმანელი ხალხიც მესამე რაიხის მიერ იყო ოკუპირებული, მაშინაც ერთეულები იყვნენ ვინც ჰიტლერის დეჰუმანიზირებულ იდეოლოგიას ღიად დაუპირისპირდა, ხოლო ქვეყანაში მასიური ფსიქოზის ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ ფაშიზმი ისევ გერმანელმა ხალხმა დაამარცხა საკუთარ რწმენაში და ამიტომაც შექმნა თანამედროვე ერთ-ერთი უძლიერესი და დემოკრატიული სახელმწიფო.
ამიტომაც არის მიუღებელი რუსოფობია, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ახასიათებს, როდესაც ყველა ერთ ქვაბში იხარშება, მიხალკოვიც და სოკუროვიც, კისელიოვიც და აკუნინიც, თინა კანდელაკიც და ლია ახაჯაკოვაც…
დარწმუნებული ვარ, პუტინის რეჟიმსაც რუსი ხალხი გამოუტანს განაჩენს საბოლოოდ. თავად პუტინის რეჟიმი და მისი იდეოლოგ-დამქაშები კი წარსდგებიან ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე.
ამიტომაც არ მჯერა, რომ რუსეთი შევა გრძელვადიანი იზოლაციონიზმის ერაში ან რუსეთს ელოდებოდეს „გეოპოლიტიკური მარტოობის 100 წელი“. ამ პოსტს კი ამჯერად არა სურკოვის, გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი რომანის გადამღერებით, არამედ ჩაადაევისადმი მიძღვნილი ალექსანდრე პუშკინის ცნობილი ლექსით დავასრულებ-“Россия вспрянет ото сна, И на обломках самовластья, Напишут наши имена!”, – წერს ცუცქირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები