მეუფე შიო: ღმერთმა ინებოს, გვქონდეს ნათელი რწმენა – ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ შევძლოთ, ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ, ღვთის სადიდებლად გავაკეთოთ
“ღმერთმა ინებოს, გვქონდეს ნათელი რწმენა, ამ რწმენით ვიცხოვროთ, ასე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ შევძლოთ, ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ, ღვთის სადიდებლად გავაკეთოთ”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.
“დღეს ჩვენ დიდი მარხვის პირველ კვირას წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს ზეიმისა და სიხარულისკენ, რადგან როდესაც ვინანიებთ, როდესაც ჩვენს თავს ვიკვლევთ და ვხედავთ ამდენ ცოდვას, სასო არ წარვიკვეთოთ და გვახსოვდეს, რა დიდი სიკეთეა მოცემული ჩვენთვის და რა დიდი სიწმინდეა ჩადებული ჩვენში ღვთის ხატების სახით, რომელიც წარუშლელია ჩვენგან. რაც უნდა ცოდვაში იყოს ადამიანი, ეს ხატება ღვთისა მაინც ჩვენთან არის, როგორც ამბობს ღირსი იოანე დამასკელი, რომლის ხსენებაც სწორედ დღეს არის.
ამრიგად, აი, ამიტომ დაადგინა ეკლესიამ ეს ზეიმი დიდ მარხვაში, რომ გვახსოვდეს, გვწამდეს ეს დიდი სიკეთე, დიდი სიწმინდე, გული არ გავიტეხოთ, სასო არ წარვიკვეთოთ შემხედველი ჩვენი ცოდვებისა. იმიტომ, რომ სინანულის აზრიც სწორედ ესაა – რომ გამოვავლინოთ ეს ხატება ღვთისა, რომელიც დაზიანებულია, შერყვნილია, შესვარულია ცოდვებისაგან, მაგრამ მაინც წარუშლელია. სინანული არის ამის განწმენდა, ამის გამოვლინება. აი, ეს სიხარულია, რომელიც ჩვენ ამ ცოდვების ჭვრეტასთან ერთად გვეძლევა, აი, ამ დიდი ღვთაებრივი სიწმინდის ხილვა საკუთარ თავში. სწორედ სინანულიც იმიტომ არის შესაძლებელი, აი, ამ ცუდის დანახვა, რომ ჩვენ ვხედავთ ჩვენში ამ სიკეთესა და სიკარგეს. ღმერთმა ინებოს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ, აი, ამ რწმენით გვქონდეს ასეთი ნათელი რწმენა ღვთისა და ადამიანისა, და ამ რწმენით ვიცხოვროთ, ასე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ შევძლოთ, ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ, ღვთის სადიდებლად გავაკეთოთ. გაიხარეთ”, – განაცხადა მეუფე შიომ.