12 მარტი ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეა

12 მარტი ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეა. მას დღეს 112 წელი შეუსრულდებოდა.
1922-1924 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მ. პერინის საბალეტო სტუდიაში, 1924 წელს ჩაირიცხა ამავე თეატრის დასში; 1926-1929 წლებში ოსტატობას სრულყოფდა პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1929-1941 წლებში იყო „მარიას” თეატრის სოლისტი.
1941-1973 წლებში მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად, 1968 წლამდე იყო ამ დასის მოცეკვავეც; თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა: ა. ბალანჩივაძის „მთების გული” (1946), გ. კილაძის „სინათლე” (1947), დ. თორაძის „გორდა” (1949) და „მშვიდობისათვის” (1953), ა. მაჭავარიანის „ოტელო” (1957), ს. ცინცაძის „დემონი” (1961), ფ. ღლონტის „განთიადი” (1967) და მსოფლიო კლასიკური საბალეტო რეპერტუარის მრავალი ნიმუში.
1950-1973 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს; 1982 წლიდან იყო სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი, აგრეთვე – კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში; მისი მოსწავლე-სტუდენტები იყვნენ: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი.
1965-1973 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილებას; მან საკუთარი სცენარით დადგა კინოფილმები – „ქართული ბალეტის ოსტატები” (1955) და „ოტელო” (1961); გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ (აშშ, იტალია, ლათინური ამერიკა).
საბალეტო ხელოვნებაში დაამკვიდრა მამაკაცური კლასიკური ცეკვის ჰეროიკული სტილი.
ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს, თბილისში. იგი დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები