გიორგი ცუცქირიძე: სამწუხაროდ, ამ რთულ ვითარებაშიც კი, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ რადიკალიზაციის გზას ირჩევს
ლარის კურსის გაუფასურება რომ არ იყო დაკავშირებული მაკროფაქტორებთან, მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციისა, რაც უკრაინაში რუსულ ინტერვენციას და მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება და იყო ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგი, ეროვნული ბანკის პირველივე ინტერვენციისას გამოჩნდა, როდესაც 9 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო არა თუ დაკმაყოფილდა მიწოდება, არამედ მოთხოვნამ უფრო ნაკლები 39 570 000 აშშ დოლარი შეადგინა, და ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დღეს 1 აშშ დოლარის კურსი ლართან მყისიერად დაწია 3.45 დან 3.24 -დე, – ამის შესახებ საბანკო და საფინანსო ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ რთულ ვითარებაშიც კი, ,,ნაციონალური მოძრაობა,, კვლავ რადიკალიზაციის გზას ირჩევს.
“სამწუხაროდ, მერამდენედ მსურს, აღვნიშნო, რომ ამ რთულ ვითარებაშიც კი ,,ნაციონალური მოძრაობა,, კვლავ რადიკალიზაციის გზას ირჩევს. ამასთან, ცალკეული დაინტერესებული ჯგუფები, ეს ექსპერტთა ნაწილსაც ეხება და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ქართული ოპოზიცია, მხარდამჭერი მედია საშუალებებით, ფაქტობრივად, ისევ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასული. ამის შედეგია პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა, მიტინგომანია, თანმდევი საფუძველს მოკლებული ბრალდებათა მთელი ნიაღვარით ხელისუფლების მისამართით, როდესაც აქცენტები ხდება არა წმინდა ეკონომიკურ ფაქტორებზე და მოსალოდნელ შედეგებზე, არამედ წმინდა წყლის სპეკულაციებზე. ეს თანაბრად ეხება რუსეთისადმი სანქციების დაწესების თემასაც და კურსზე ზემოქმედების სუბიექტურ ფაქტორებსაც, მათ შორის, თითქოსდა, რუსული რუბლის ექსპანსიასაც კი, რაც ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს და ზრდის დაწოლას ლარზე. ამ პანიკური განწყობის შემადგენელი იყო, დეფიციტის შექმნა ცალკეულ სასურსათო პროდუქციაზე, მაგალითად შაქარზე რომელიც არა თუ რუსეთიდან, ან ევროპიდან, არამედ დიდწილად ბრაზილიიდან შემოდის”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.
ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ, ყველა მაკროეკონომიკური მონაცემით, საქართველოს თებერვალშიც მაღალი ზრდა ექნება.
“ყველა მაკროეკონომიკური მონაცემით, ჩვენ თებერვალშიც მაღალი ზრდა გვექნება, რადგან რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში თებერვლის ბოლოს დაიწყო და ნაკლებად აისახება ეკონომიკურ პარამეტრებზე, რაც ბუნებრივია ასახვას ჰპოვებს მარტში სავალუტო კურსის პოზიტიურ დინამიკაზე, ლარის დასტაბილურების მიმართულებით” , – წერს გიორგი ცუცქირიძე.