ოთარ შამუგია – „ჩვენი მიზანია, ფერმერებსა და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოდან რძის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა იმ განცხადების, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, ჩვენ ფერმერებს, მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში.

ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში; ჩვენ ძალიან აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით. ახლა ჩვენი ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან ამერიკაში შესაბამისი კომუნიკაციისთვის და მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად. ამ მიმართულებებით გვაქვს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებითაც. პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტული ბაზარი არის ევროკავშირი. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე ჩვენი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესატანად.

გვაქვს პირველი შედეგიც – თაფლის ექსპორტის კუთხით, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს, 9-ჯერ გაიზარდა თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის ევრაზიის კავშირის წევრ ქვეყნებში შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეწარმეების თხოვნიდან გამომდინარე, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა. ორი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი. რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მეწარმეების კომენტარებიც. დღეს ჩვენ გარკვეულ წილად დამოკიდებული ვართ რძის ნაწარმის იმპორტზე. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ განვახორციელოთ ექსპორტი სხვადასხვა ბაზარზე. აქედან გამომდინარე, საკითხი აქტუალური არ მგონია, რომ იყოს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები