ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტული სივრცე „დედაომის“ პრემიერით გაიხსნა
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სივრცე რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის – „დედაომის“ პრემიერით გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, თეატრის კრიტიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„დრამატურგის, მსახიობისა და რეჟისორის, დათა თავაძის პიესა „დედაომი“ თანამედროვეობის აქტუალურ თემებს, ომსა და ოკუპაციას ეხება. პიესა 2008 წლის ომის ინსპირაციით შეიქმნა და მასში მოთხრობილია ადამიანების მდგომარეობა ომის დროს – როგორ იბრძვიან ისინი გადარჩენისათვის და სიცოცხლისათვის. ასევე, ნაჩვენებია თუ როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს ომი ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თამარ მდინარაძე, ციცი ბუცხრიკიძე, შორენა გვეტაძე, ნიკა ძნელაძე. მხატვარი – თამარ ოხიკიანი, კომპოზიტორი – ვახტანგ გვახარია, ტექნიკური რეჟისორი – გიორგი ბაბილოძე.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის რეჟისორისთვის ოზურგეთის თეატრში დადგმული სპექტაკლი „დედაომი“ მეთხუთმეტე პრემიერაა. საბა ასლამაზიშვილი დამოუკიდებელი თეატრალური ორგანიზაცია „ხვლიკის“ დამფუძნებელია, რომელიც ახორციელებს პროექტებს საშემსრულებლო ხელოვნებაში“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ოზურგეთის თეატრი, მიუხედავად მის ხელთ არსებული მწირი ფინანსური რესურსისა, სისტემატურად აჩვენებს მაგალითს საქართველოს სხვა თეატრებს, თუ როგორ უნდა მისცეს სამხატვრო ხელმძღვანელმა სხვა რეჟისორებს საშუალება, ისარგებლონ თეატრის ინფრასტრუქტურული და სახელოვნებო რესურსით და ადგილობრივ საზოგადოებას მუდმივად შესთავაზონ ახალი და საინტერესო სპექტაკლები. მსგავსი მიდგომა ჯერ კიდევ უცხოა ჩვენი თეატრების არაერთი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, რაც ქართული თეატრის განვითარებას აფერხებს. ჩვენ, დღეს, ოზურგეთში რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის პრემიერაზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვედით სულ რამდენიმე საათით და მოხარულნი ვართ, წარმატებული პრემიერა მივულოცოთ ახალგაზრდა დამდგმელ რეჟისორს, ოზურგეთის თეატრის მსახიობებსა და ყველა იმ პროფესიონალს, ვინც სპექტაკლის დადგმაში მონაწილეობდა”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის თეატრში 100 მაყურებელზე გათვლილი ექსპერიმენტული სივრცე თეატრის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო, რომელიც 2016-2020 წლებში საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩატარდა. ექსპერიმენტული სივრცე, ისევე, როგორც თეატრის დიდი და მცირე სცენები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით.