გიორგი ცუცქირიძე ლარის კურსზე: ადგილი აქვს მხოლოდ უარყოფითი მოლოდინებით გამოწვეულ აჟიოტაჟს

დღეს ყველა მაკროფაქტორი რასაც კურსზე ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა, არა თუ გაუარესებული, არამედ პირიქით გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ადგილი აქვს მხოლოდ უარყოფითი მოლოდინებით გამოწვეულ აჟიოტაჟს.

“ბოლო რამდენიმე დღეა, ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ იქმნება ხელოვნური აჟიოტაჟი ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით და ცალკეული დაინტერესებული ჯგუფები, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტები, ცდილობენ მოსახლეობაში უარყოფითი მოლოდინების ფორსირებას; ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის კურსთან დაკავშირებით, ადგილი აქვს მხოლოდ უარყოფითი მოლოდინებით გამოწვეულ აჟიოტაჟს, როდესაც უცხოურ ვალუტას ყიდულობენ მეტი გაუფასურების შიშით, იმისდა მიუხედავად კონკრეტულ მომენტში არის თუ არ ამის საჭიროება, რაც ზრდის რა მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, კიდევ უფრო აუფასურებს ლარს!
მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, რაც უკავშირდება საომარი მოქმედებების დაწყებას უკრაინაში, ქვეყანაში არ გაუარესებულა მაკროპარამეტრები.

დღეს ყველა მაკროფაქტორი რასაც კურსზე ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა, არა თუ გაუარესებული, არამედ პირიქით გაუმჯობესებულია. ეს ეხება, წლის დასაწყისში ეკონომიკის სარეკორდო 18 პროცენტიან ზრდასაც, რომელიც რეგიონში და ევროპაში ყველაზე მაღალია, ექსპორტის ასევე სარეკორდო 47.6 პროცენტით ზრდასაც, ადგილობრივი ექსპორტის 39.1 პროცენტიანი ზრდით, იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 168.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მაჩვენებელსაც, რაც 2019 წლის ანუ კოვიდ პანდემიამდე პერიოდის 70 % გადაცდა, რაც ვალუტის შემოდინებას და დადებით სავალუტო ბალანს ზრდის.

რაც შეეხება ლარის კურსზე რუსული რუბლის გავლენას, აქ რუსეთიდან შემოსული ლტოლვილების მხრიდან აშშ დოლარზე გადაცვლის გამო, ესეც გაზვიადებულია და პროვოკაციის ელფერი უფრო დაჰკრავს, რომ ესეც ხელისუფლებას დაჰბრალდეს, ცალკე ლტოლვილთა ნაკადის უკონტროლოდ შემოშვების,და ცალკე კურსის “გაფუჭების” გამო.

რუსებმა რუსეთში რუბლების გადაცვლა დოლარში და ევროში ჯერ კიდევ ინტერვენციის პირველივე დღეებში დაიწყეს, როდესაც რუბლის რყევა დაიწყო, ბანკომატებთან რიგებიც მაშინ გაჩნდა და არც “სვიფტიდან” იყო რუსეთი ჩახსნილი და არც ბანკებზე იყო სანქციები ჯერ დაწესებული, აქედან გამომდინარე რუბლის მასიური შემოდინების ლარის კურსთან დაკავშირება არასწორია, მეორეც დიდი რყევებისას ასევე მაღალია სხვაობა ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის, განსაკუთრებით გაყიდვის ანუ აშშ-დოლარის კურსი ხდება წამგებიანი, რაც ბაზარზე ხდება არის აჟიოტაჟის გამოძახილი და არ გამოვრიცხავ სპეკულაციასაც რაც ამ ტიპის აჟიოტაჟებს თან ახლავს.
ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკს და, მთავრობას აქვს ყველა საჭირო ბერკეტი, რათა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება იყოს სტაბილური”, – წერს იგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები