რომან გოცირიძე: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარი ამ დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ გააუფასურა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარი ამ დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ გააუფასურა.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მთავარი ფაქტორი ხელისუფლების სწორი ქმედებებია.

“ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარი ამ დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ გააუფასურა. ჯერ ერთი, ეს საფუძველშივე მცდარია და მეორეც, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა, რადგან ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა მხოლოდ “საგარეო ფაქტორის” ბრალი ყოფილა და არა მთავრობის და ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის.

ჩემი ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა მხოლოდ ლარის კურსზე ზემოქმედების მარტივ ახსნას ემსახურება და არა რაიმეს გამართლებას(ვგულისხმობ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას).

მიგრაციის პრობლემები უნდა გადაჭრას მთავრობამ. აკრძალავს, სავიზო რეჟიმს შემოიღებს თუ კონტროლის სხვა ფორმას დააწესებს, ეს მისი საქმეა. შემოსვლა-არშემოსვლას უნდა წყვეტდეს სასაზღვრო სამსახურები და არა ბანკები. “თი ბი სი” ბანკის ერთდღიანი არასერიოზულ აქცია იმის თაობაზე, რომ შემოსულებს საბანკო ანგარიშებს არ გაუხსნიდნენ, წარუმატებლად დამთავრდა, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ “პური მეპურემ უნდა გამოაცხოს”.

დავუბრუნდეთ ლარს. ჩვენს ეკონომიკურ განსწავლულობაში ჩაბეტონდა და სწორადაც ის აზრი, რომ ტურისტები ამყარებენ ლარს. მარტივი ამბავია-შემოაქვთ უცხოური ვალუტა. რუსები და ბელარუსები, არა აქვს მნიშვნელობა, ტურისტს ვუწოდებთ, ლტოლვის, რეჟიმებს გამოქცეულებს, დეზერტირებს თუ სხვას, საზღვრის კვეთის საერთაშორისო აღრიცხვით არიან ვიზიტორები, მაშასადამე ჩვენს ტერიტორიაზე ფულის მხარჯავები. ისინი კი არ აუფასურებენ, არამედ ამყარებენ ლარს. როგორ ხდება ეს:

-თუ ჯიბით შემოაქვთ ფული, მას ახურდავებენ ბანკში ან ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში და აჩენენ ლარზე მოთხოვნას. თუ ვაშლს ბაზარში ასი კაცი ყიდულობდა გუშინ და დღეს ორასს მოუნდა, ვაშლის ფასი გაიზრდება. ასეა ლარზეც.

-თუ გადმორიცხავენ ქართულ ბანკში: ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. რუსეთში 350 ბანკია და აქედან ჯერჯერობით მხოლოდ 12 ბანკს აქვს გათიშული სვიფტი), თანაც რუსეთის მოქალაქეს რუსეთის ხელისუფლება უცხოეთში თვეში 5 ათასი დოლარის გადარიცხვის უფლებას აძლევს. ბანკში ჩარიცხვისას ხდება შემდეგი რამ ა) ყიდულობს ლარებს აქაური ხარჯების დასაფარავად( ბინა, სასტუმრო, კვება და ა. შ. ), ანუ ამყარებს ლარს, ბ) რიცხავს უცხოეთში(ნებისმიერ ადგილას, რადგან უკვე ქართული ბანკის კლიენტია). ასეთ შემთხვევაში ეს ტრანზაქცია ნეიტრალურია ლართან დაკავშირებით, რაც შემოვიდა, ის გავიდა. სამაგიეროდ ბანკი ხეირობს-უცხოეთში გადარიცხვა ძვირი სიამოვნებაა, პლუს ანგარიშის გახსნის საკომისიო, ვალუტის გატანის საკომისიო, პლასტიკური ბარათით უზრუნველყოფა და სხვა შემოსავლები. გასაგებია, რომ ბანკების მოგების ნაწილი ბიუჯეტში მიდის და სამუშაო ადგილებსაც ქმნის.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, პრობლემა იქ არ უნდა ვეძებოთ, სადაც არ არის. სადაც არის, ეს მთავრობის მისახედია. ეროვნული ბანკი კი, კვლავ მდუმარე მდგომარეობაშია. ის უნდა ესაუბრებოდეს ხალხს და აძლევდეს მითითებებს კომერციულ ბანკებს და არ უნდა უწყობდეს ხელს ეგზოტიკური ჭორების გავრცელებას და ეგზოტიკურ ქმედებებს ბანკების მხრიდან. ამაში “საქართველოს ბანკის” აქციასაც ვგულისხმობ, რომელიც ყველას მოეწონა, როცა რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშის გახსნისას აწერინებს ქაღალდზე ხელს, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სინამდვილეში ეს მხოლოდ მორალური აქტია და იგი სამართლებრივად ნულოვანი ეფექტის მქონეა.

ლარს კი, არ უდგას მშვიდი დღეები და ასეთი მდგომარეობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მთავარი ფაქტორი ხელისუფლების სწორი ქმედებებია, აგრეთვე უცხოური ვალუტის ის რეზერვები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წყალობით საკმაოდ დაგვიგროვდა”,- წერს გოცირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები