ჯანდაცვის მინისტრი: დღეისთვის დარეგისტრირებული გვაქვს 20-მდე თურქული მედიკამენტი, რომელიც აფთიაქებშია
“დღეისთვის დარეგისტრირებული გვაქვს 20-მდე თურქული მედიკამენტი, რომელიც აფთიაქებშია. შეთანხმება გვექნება თურქულ მხარესთან, რომ მედიკამენტებზე ფასის ხელოვნურად აწევა არ მოხდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება ის, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს მედიკამენტების ხარისხი.
„დღეისთვის დარეგისტრირებული გვაქვს 20-მდე თურქული მედიკამენტი, რომელიც საქართველოში შემოვიდა და აფთიაქებშია. სასიხარულოა ის ინფორმაცია, რომ თურქეთიდან რა მედიკამენტებიც უნდა შემოვიდეს და გზაშია, იმ მედიკამენტებზე, რაც ბაზარზე არსებობდა, შეთავაზებები დაიწყეს აფთიაქებმა და ამ კუთხითაც გაიაფდა. ჯამში, ველოდებით, რომ 200-მდე მედიკამენტი იქნება ისეთი, რომელიც თურქეთიდან შემოვა და ჩაანაცვლებს სხვა ქვეყნებიდან იმპორტს. შესაბამისად, მათი ფასები მკვეთრად გაიაფდება. თურქეთში დღევანდელი ვიზიტით კოლეგასთან დეტალურად განვიხილავთ საქართველოსთვის თურქული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას. გვექნება მნიშვნელოვანი შეთანხმება, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლება, ასევე, მექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მასზე ფასების დაწესება. სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი კონკურენცია იყოს ამ მიმართულებით. ჩვენ პირდაპირი შეთანხმება და წვდომა გვექნება თურქულ მხარესთან, რომ ფასის ხელოვნურად აწევა არ მოხდეს მედიკამენტზე“, – აცხადებს მინისტრი.