მსოფლიო უკრაინელი ხალხის დასაცავად პუტინისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უკრაინელი ხალხისადმი ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
ბორის ჯონსონის თქმით, მთელი მსოფლიო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და რუსული აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს.
“მივმართავ უკრაინელებს, რომლებიც ახლა დიდ ბრიტანეთში, უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებში არიან: უკრაინელებო, ის, რაც ახლა თქვენს სამშობლოში ხდება, საშინელებაა. ოთხშაბათს ჩვენი პარლამენტი უკრაინის ელჩს ფეხზე წამომდგარი მიესალმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. მეგობრებთან ერთად, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მხარი დაგიჭიროთ და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ. 25 პარტნიორი ყველაფერს ვაკეთებთ, არა მხოლოდ თქვენი სამშობლოს, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ერთად, რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დავუწესეთ და ამაზე არ გავჩერდებით მანამ, სანამ ის ამ აგრესიას არ შეაჩერებს. მთელმა მსოფლიომ პუტინსა და მის რეჟიმს ზურგი აქცია. რუსეთთან თანამშრომლობა და მათი მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში შეჩერებულია. პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, მთელი მსოფლიო გაერთიანდა და მისი ბარბაროსობის წინააღმდეგ ერთად დადგა. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს, პუტინი აუცილებლად უნდა დამარცხდეს”, – თქვა ბორის ჯონსონმა ვიდეო მიმართვაში.