უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტის გადაწყვეტილება, არ დახუროს ცა უკრაინის თავზე, მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით, NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის თავზე ცის დახურვა პირდაპირ აგრესიას გამოიწვევს რუსეთის მხრიდან NATO-ს წინააღმდეგ.
„დღეს NATO-ს სამიტი ჩატარდა – სუსტი, დაბნეული სამიტი, სადაც ყველა არ თვლის თავისუფლებისთვის ბრძოლას, ევროპისთვის ბრძოლას ნომერ პირველ მიზნად. NATO-ს ყველა ქვეყნის დაზვერვამ იცის მტრის გეგმა და დაადასტურა, რომ რუსეთი შემოტევას განაგრძობს. უკვე 9 დღეა ჩვენ სასტიკ ომში ვართ – ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ესვრიან ჩვენს ხალხს, ბავშვებს, საცხოვრებელ კვარტალებს, ეკლესიებს, სკოლებს. ანგრევენ ყველაფერს, რაც ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს და ამის გაგრძელება კიდევ სურთ, მათ იციან, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია. NATO-მ გააზრებულად მიიღო გადაწყვეტილება არ ჩაკეტოს ცა უკრაინის თავზე. ჩვენ ვთვლით, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის თავზე ცის დახურვა პირდაპირ აგრესიას გამოიწვევს რუსეთის მხრიდან NATO-ს წინააღმდეგ. ეს თვითდაჰიპნოზირებაა მათი, ვინც სუსტია და შინაგანად დარწმუნებულია, რომ შესაძლოა გაცილებით ძლიერი იარაღი ჰქონდეს სხვა ვიდრე ეს გვაქვს ჩვენ. თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებსა და ადამიანობაზე, და რაზე ფიქრობდით თქვენ იმ სამიტზე? ყველა ადამიანი, რომელიც დღეს დაიღუპება, მათი სიკვდილი მათ შორის თქვენი ბრალიც იქნება. თქვენი სისუსტისა და უთანხმოების გამო. ყველაფერი რაც დღეს ალიანსმა შეძლო ეს 50 ტონა დიზელის საწვავის გატარებაა საკუთარი შესყიდვების სისტემაში უკრაინისთვის. ალბათ იმისთვის, რომ ჩვენ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, მაგრამ ის ჩვენთვის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში“,- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში გამართულ, ნატო-ს საგანგებო მინისტერიალზე უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის საკითხი დაისვა, თუმცა, მოკავშირეებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გამოიწვევს სრულმასშტაბიან ომს ევროპაში, რომელშიც ჩართული იქნება მრავალი ქვეყანა. მისი თქმით, წევრ ქვეყნებს აქვთ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ, რომ ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გამწვავდეს.