მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს – ჩემი თხოვნაა, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, იმისათვის, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე საფრანგეთის პრემიერ მინისტრის ჟან კასტექსის მონაწილეობით გაიმართა დებატები საფრანგეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის შესახებ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

,,ეს არის ტრაგედია, რომელიც შუაგულ ევროპაში ხდება. დღეს, როდესაც რუსეთის მიერ აბსოლუტურად გაუმართლებელი აგრესია მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მისი უსაფრთხოებისთვის. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან გამუდმებით ვსაუბრობდით საფრთხეზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ყოველდღიურად იქცა. სამწუხაროა, რომ საფრთხის სიმძიმე ბოლომდე ვერ იქნა გაცნობიერებული და ვერ შევძელით დღევანდელი ტრაგედიის თავიდან აცილება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ამ მძიმე ფონზე, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს და თქვენ ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში მოგიწევთ მსჯელობა. ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინეთ ჩვენს ხმას, იმისათვის, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი.” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომა 4-5 მარტს გრძელდება. სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტები მონაწილეობენ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯომარე, დავით სონღულაშვილი წარმოდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები