ზელენსკი: სახელმწიფო ტერორისტი ბირთვულ ტერორამდე მივიდა – ევროპელებო, გაიღვიძეთ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და ევროპას გამოღვიძებისკენ მოუწოდებს.
“ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური იწვის. რუსული ტანკები ესვრიან ატომურ ბლოკებს. ტანკები აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით. მათ კარგად იციან, სად ისვრიან. მივმართავ ყველა უკრაინელს, ყველა ევროპელს, ყველა ადამიანს, ვინც იცის სიტყვა – ჩერნობილი, ვინც იცის, თუ რამდენი მსხვერპლი მოიტანა ჩერნობილმა. ეს იყო გლობალური კატასტროფა. შედეგს ასი ათასობით ადამიანი ებრძოდა. ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთს უნდა ეს ყველაფერი გაიმეოროს და უკვე იმეორებს, თუმცა, 6-ჯერ უფრო დიდ მასშტაბებზე.
ევროპელებო, უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს, რუსული ძალები ესვრიან ატომურ ელექტროსადგურს ენერგოდარში, იქ 6 ენერგობლოკია. ჩერნობილში აფეთქდა ერთი ენერგობლოკი.
დავუკავშირდი ჩვენს პარტნიორებს. ვესაუბრე შარლ მიშელს, შოლცს, ვესაუბრე დუდას, პრეზიდენტ ბაიდენს, დავუკავშირდით დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ჯონსონს.
ისტორიაში არცერთ ქვეყანას არ დაუბომბავს ატომური ენერგობლოკი. სახელმწიფო ტერორისტი ბირთვულ ტერორამდე მივიდა. რუსი პროპაგანდისტები იმუქრებიან სამყაროს “ატომური ფერფლით” ავსებით. ეს მხოლოდ მუქარა აღარ არის, ეს რეალობაა. ჩვენ არ ვიცით, რით დასრულდება ეს ხანძარი ელექტროსადგურზე. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ აფეთქება მოხდება, ყველას ბოლო მოეღება. ბოლო მოეღება ევროპას. მხოლოდ ევროპის ქმედით ნაბიჯებს შეუძლია, რუსული ჯარი შეაჩეროს”, – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.