3 მარტი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, გია აბესალაშვილის დაბადების დღეა

დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, გია აბესალაშვილის დაბადების დღეა. „ვულოცავთ საუკეთესო სურვილებით და წარმატებას ვუსურვებთ შემოქმედებით ცხოვრებაში“! – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაიბადა 1961 წლის 3 მარტს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1984 წელს.
1989 წლიდან „კინომსახიობთა თეატრის“ მსახიობია, პარალელურად მუშაობდა სპექტაკლების სცენოგრაფიაზე.
გადაღებულია ფილმებში: „წერილები ბამიდან” (თ. ფალავანდიშვილი, 1980); „ჩემი დეიდა დუდუ” (ი. კვირიკაძე, 1984); „ბრავო ალბერ ლოლიშ” (მ. თავაძე, 1987); „შარვალი”, „ქველი”(ვ. კვაჭაძე, 1988); „ოპერაცია ვუნდერლანდი” (ო. კობერიძე, 1988); „დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში” (ლ. გორდელაძე, 1989), „სიბრძნე სიცრუისა” (ნ. ხატისკაცი, 1991); „ოსკარი” (რ. გლურჯიძე, 1995); „ვაგონეტი” (გ. ოვაშვილი, 1996), „კიდევ ერთი ქართული ისტორია” ( ე. ბადურაშვილი, 2003); „ბედნიერება” (ნ. ალექსი-მესხიშვილი, 2009) და სხვ.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე შეასრულა ორმოცამდე როლი: „ალუბლის ბაღი” (პიშჩიკი, რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი), „ზაფხულის ღამის სიზმარი” (დემეტრიოსი, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი), „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი” (პრემიერი კაცი, რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი), ჟან ჟიროდუ „ამფიტრიონი-38″ (სოზია, ამფიტრიონის მსახური, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი), „ჩვენი პატარა ქალაქი” (თედორე, რეჟისორიმიხეილ თუმანიშვილი), „რევიზორი” (ქალაქის მერი, რეჟისორი ოთარ ეგაძე), „დრაკონი” (ბურგომისტრი, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი), „ცილინდრი” (ანტონიო, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი), „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს” (აპოლონი, რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი), „ნეაპოლი” (ფედერიკო, რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი), „დრაკონი” (შარლემანი, რეჟისორი გოგა პიპინაშვილი) და სხვა.
1990-1995წწ. იყო გადაცემა „არტ ჰოლის” წამყვანი (ტელეკომპანია „იბერვიზია”), 1996- 2001წწ. მუშაობდა საბავშვო სტუდიაში „არტ ჰოლი”, ხოლო 2000 – 2006 წწ. საბავშვო სტუდიაში „თეთრი ფარდა”,
2000-2005 წწ. იყო გადაცემა „თეთრი ფარდის” წამყვანი (ტელევიზიის პირველი არხი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები