ანდრეი კასიანოვი: ვაფასებთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაგვიწია

ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც გაგვიწია საქართველოს მთავრობამ ერთი მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეების დახმარებას, იმ მოქალაქეების, ვინც დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მან საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას უკრაინისათვის გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ უზრუნველყო ჩვენი ტურისტების დაბინავება სასტუმროებში. უკრაინელი ტურისტებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, „საქართველოს ფოსტა“ კი უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინაში. უკრაინაში იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება და იქ მიემგზავრებიან ქართველი ექიმები. ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები უკრაინაში სამედიცინო პრეპარატებისა და აღჭურვილობის გაგზავნასთან დაკავშირებით. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის 65-მა დეპუტატმა ჩააბარა სისხლი უკრაინის დასახმარებლად. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გახსნა ანგარიში უკრაინელების დასახმარებლად“, – განაცხადა კასიანოვმა.

საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს მთელი შტაბი აგრძელებს მუშაობას.

“უკრაინაში საქართველოს საელჩოს მთელი შტაბი აგრძელებს მუშაობას საშტატო რეჟიმში. რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა დიდ ქალაქსა და პატარა ქალაქებში ძალიან ბევრმა, საქართველოს მოქალაქემ გამოფინა უკრაინის დროშები. ეს არის უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშანი. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს მოსახლეობას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის. იმედი გვაქვს, ჰუმანიტარული დახმარება უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები