„ბავშვებთან, ქალებთან, მოხუცებთან ერთად, ჩვენს დავით გურამიშვილსაც საუკუნო მყუდროება დაურღვიეს“
ფილოლოგი და ლიტერატორი გია მურღულია უკრაინის ქალაქ მირგოროდის დაბომბვას ეხმიანება, სადაც დავით გურამიშვილია დაკრძალული და იმ ომზე საუბრობს, რომელიც ანადგურებს კულტურასა და ადამიანურ ურთიერთობებს.
„გადმოსცეს, რომ უკრაინის ქალაქი მირგოროდი იბომბება. ბავშვებთან, ქალებთან, მოხუცებთან ერთად, ჩვენს დავით გურამიშვილსაც საუკუნო მყუდროება დაურღვიეს ამაზრზენი ხმაურით, რომელიც უნამუსოდ ანადგურებს კულტურასა და ადამიანურ ურთიერთობებს.
რუსული არმია ახლა ეგოისტური და ხარბი ინტერესებისთვის ყველაფერს ებრძვის – წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. სიმართლეს უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფით არ ადასტურებენ. ასეთი არაპროვოცირებული აგრესიით, შეუბრალებლობითა და სისასტიკით შეიძლება საკუთარი ქცევის მართებულობა და სიკეთეც დაამახინჯო – რომც გქონდეს.
თავს ნუ მოვიტყუებთ – ადამიანთა ისტორია ისეთია, რომ, არცთუ იშვიათად, ბოროტება ზეობს. ამჯერად, იმედია, სიკეთე და სიმართლე გაიმარჯვებს – როდესაც ლამის მთელი მსოფლიოს ნებას წინ აღუდგები, წარმატების ღიმილამდე ძალიან დიდი მანძილია.
გურამიშვილის სიტყვები კი ახალ შინაარსს იძენს:
„ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა”. – წერს გია მურღულია.