ფოლკლორის ცენტრმა ფოლკლორული მასალების ელექტრონული კატალოგის შექმნა დაიწყო

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ფოლკლორული მასალების ელექტრონული კატალოგის შექმნა დაიწყო.
როგორც ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კატალოგი ფოლკლორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, მუსიკალური ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების მიმართულებით გაეცნონ ინფორმაციას იმ მასალების შესახებ, რომლებიც დაცულია სხვადასხვა ინსტიტუციის ფონდებსა და კოლექციებში.
სამეცნიერო და საგანმანათლებლო ხუთწლიანი პროექტის პირველი ეტაპი ფოლკლორის სახელმწიფო
ცენტრმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით დაიწყო.
პროექტის მიმდინარეობისას შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც უკვე აღწერილი მასალები განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება.
პროექტის იდეა ეკუთვნის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელს, სანდრო ნათაძეს, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობს თეონა რუხაძესთან ერთად. ასევე, სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები: ნუნუკა შველიძე და თეა კასაბური. ეროვნული არქივის მხრიდან პროექტში კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ფონოგანყოფილების ხელმძღვანელი ეკა სანიკიძე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები