კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
“დღეს, 1 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა”. სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 400 000 ლარს და მისი მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, თეატრი, პროფესიული მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედია-ხელოვნება. აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ამავე კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 40 პროექტი, რომელიც განხორციელდა 57 ლოკაციაზე და პროექტებში ჩართული იყო 418 მონაწილე. ახალი კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს, რომლის დაფინანსების შესაძლებლობასაც არ ითვალისწინებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის” სხვა რომელიმე ქვეპროგრამა. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 10 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 340 079 (სამუშაო საათების განმავლობაში). საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ” დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები- https://cutt.ly/mAyt41M