„ძველი მეხსიერების სურათები“ – ნატო სირბილაძის რეტროსპექტული გამოფენა უკრაინას მიეძღვნება
1-ელ მარტს, 16 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში ნატო სირბილაძის რეტროსპექტული გამოფენა – „ძველი მეხსიერების სურათები“ გაიხსნება. „მუზეუმი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ჩვენს ახალ გამოფენას ვუძღვნით უკრაინელ ხალხს, ვისაც ნებისმიერი თანადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ მათ გვერდით ვართ!
ექსპოზიცია წარმოადგენს ხელოვნის ერთგვარ ბიოგრაფიულ მონოლოგს. გამოფენაზე თავს იყრის მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლებიც წარმოაჩენს განვითარების ქრონოლოგიურ ხაზს 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე. თვითნაბადი ფერმწერის ზოგადი ხელწერა სრულიად ახალი ტალღაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიოგრაფია:
ნატო სირბილაძე დაიბადა 1955 წელს თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო. 1973 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ნატო სირბილაძემ ხატვა 31 წლის ასაკში დაიწყო. სწორედ ბიბლიოთეკის შენობაში მოეწყო მისი ნამუშევრების პირველი გამოფენა.
პროფესიული წვრთნის უქონლობა ერთგვარად ხელს უწყობს მხატვარს, იპოვოს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მხატვრული ხელწერა.
ნახატები ძირითადად შესრულებულია ქაღალდზე აკვარელით და გუაშით. მისი მხატვრობა გამოირჩევა თემატიკისა და ტექნიკის მრავალფეროვნებით. ნატო სირბილაძეს დღემდე არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონია.
მხატვარი მკვეთრად განსხვავდება თბილისის სკოლისთვის დამახასიათებელი ხელწერისაგან და მისი თაობის არტისტებისგან. არანაირი ტრადიციების გაგრძელება – პირიქით, სრულ დისონანსშია დამკვიდრებულ სახელოვნებო ნორმებთან. მისი ძიება და არტისტიზმი ერთგვარი დაკვირვებაა ცხოვრებასა და კაცობრიობის მეხსიერებაზე, „ძველ მეხსიერებაზე“, სადაც სირთულე სიმარტივეშია… სწორედ ეს ნაივური თხრობა და ოპტიკური სისუფთავე, ფერთა ზეიმი წარმოადგენს ერთგვარ ძველ მეხსიერებას, სადაც „უცნობი“ და „ნაცნობი“ ერთმანეთს დიდი ხნის შემდეგ ხვდება. მხატვარს ხშირად ადარებენ თავისი პირდაპირი და ცალსახა გამომსახველობის თუ „ფერწერული ნიღბების“ გამო ნიკო ფიროსმანაშვილის ყოვლისმომცველ სიმარტივეს.
გამოფენის შესახებ:
ნატო სირბილაძის დროში დაკარგული, უმისამართო პერსონაჟები, პატარა არსებები, ცხოველები, გასულიერებული ნივთები, კულტურული და რელიგიური გმირები თითქოს წარმოადგენენ ერთიანი რომანის ქვეთავებს. გამოფენაზეც ზღაპარი და ფსიქოდელია ერთიანდება. ამ გზით დამთვალიერებელი დასვამს კითხვას, რომელზეც გაუჭირდება პასუხის გაცემა: თუ სად ივლება ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის.
მოცემულ რეტროსპექტულ გამოფენაზე გაიშლება განსხვავებული სტილის, პერიოდის თუ სიუჟეტის ნამუშევრები. ფერწერული ნამუშევრები განივრცობა მცირე ნაძერწი ფიგურებით. პლასტიკურ და ფერწერულ არტისტულ ნიუანსებს შეკრავს ხელოვანის შემოქმედების დოკუმენტური მასალა – გამოცემები, სტატიები, ფოტოები და პირადი ნივთები.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ამ გამოფენით აგრძელებს დიალოგს სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრებთან.
გამოფენის კურატორია – კონსტანტინე ბოლქვაძე. გამოფენა 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება.