გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” საქმიანობის ანგარიში მოისმინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და 2022 წლის გეგმები მოისმინა.
პარლამენტარის ინფორმაციით, ცენტრის განვლილ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე მომხსენებელმა ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი” არის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია ეუთოს პროექტის ბაზაზე.
„ცენტრის მიზნები დაკავშირებულია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასთან და განათლებასთან და ორიენტირებულია გარემოს დაცვისა და აგრარული განათლების ხელშეწყობაზე ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. ცნობიერების ამაღლებაზე როგორც გარემოს დაცვითი, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ჩართულობის გაზრდაზე და ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერებაზე”,-განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
მისი განცხადებით ცენტრის გეგმები სწორედ ამ მიზნების ფარგლებში არის გაწერილი. თამარ ალადაშვილმა თითოეული მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე კომიტეტს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ფართო სფერო, რომელსაც ცენტრი მოიცავს, იყოს ეფექტიანად აღსრულებული. ჩვენ ჯერ კიდევ დასაწყისში ვიმყოფებით იმ მიმართულებით, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციის პროაქტიური გავრცელების თანამედროვე სტანდარტები დავნერგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ საზოგადოების მონაწილეობის კუთხითაც ფიქრობს სამინისტრო, რომ ინსტიტუციურად შეიცვალოს მოწყობა და ცენტრი, ორჰუსის კონვენციის და ეუთოს პირველადი მიზნების აღსრულების ნაწილში ინსტიტუციურად ჩაებმება – ეს არის გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემის პროცესი, სტრატეგიული გარემოს შეფასების პროცესი და საჯარო განხილვების უზრუნველყოფის შეფასება როგორც ადგილზე ასე რეგიონებში”,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისივე განცხადებით, კომიტეტის ინიციატივით, მიმდინარეობს დონორებთან კომუნიკაცია და იგეგმება თემატური მოკვლევის წამოწყება, რომელიც გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცესზე კოვიდის გავლენის საკითხს შეისწავლის.