„ამ სამართლიან ომში ქართველი მწერლები თქვენ გვერდით არიან“
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარეს – მიხაილო ალექსეევის ძე სიდორჟევსკის წერილი გაუგზავნა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა.
„ბატონო მიხაილო! მოგმართავთ თქვენ და თქვენი სახით ყველა უკრაინელ მწერალს, სრულიად უკრაინას, მოძმე უკრაინელ ერს და გამოვხატავთ ქართველი მწერლების სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას უკრაინული სახელმწიფოებრიობისთვის ამ უმძიმეს და ურთულეს პერიოდში.
ახლა უკრაინა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და თქვენთან განვითარებულ მოვლენებს დაძაბული შეჰყურებს ცივილიზებული მსოფლიო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ უკრაინაზე გადის XXI საუკუნის მსოფლიოს განვითარების ვექტორი.
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თქვენ, ჩვენო ძვირფასო ძმებო და დებო, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი განსაცდელისთვის გაგიძლიათ, ახლაც ღირსეულად შეძლებთ ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევას და უკრაინული ჯიშისა და გენის გადარჩენას.
ჩვენს ჭეშმარიტ ძმობასა და მეგობრობას საუკუნეების მიღმა ჩაეყარა საფუძველი, რის ჭეშმარიტ ნიშანსვეტებადაც მოგვევლინნენ: დავით გურამიშვილი, ტარას შევჩენკო, აკაკი წერეთელი, ლესია უკრაინკა…
სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ უკრაინისკენ დამიზნებული სიკვდილის ყველა მანქანა საქართველოს გულისკენაცაა მიმართული.
მტკიცედ გვწამს, რომ ვერანაირი ძალა ვერ დააჩოქებს, ვერ მოდრეკს უკრაინელი ხალხის ურყევ ნებას, თავადვე განაგოს საკუთარი ბედი, თავადვე განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
მტკიცედ გვწამს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისთავადი სახელმწიფო და ამას წინ ვერაფერი აღუდგება.
გისურვებთ სულიერ მხნეობას, სიმტკიცესა და შეუვალობას.
გჯეროდეთ, რომ ამ სამართლიან ომში ქართველი მწერლები თქვენ გვერდით არიან“, – აღნიშნულია წერილში.