არჩილ თალაკვაძე: უახლოეს პერიოდში საქართველო მოამზადებს ჰუმანიტარული დახმარების არსებით პაკეტს უკრაინელი დებისა და ძმების დასახმარებლად

უახლოეს პერიოდში საქართველო მოამზადებს ჰუმანიტარული დახმარების არსებით პაკეტს, რათა მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების დასახმარებლად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს თუ ვინმე ხელს უშლიდა, ეს ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია.

„სხვა დამოკიდებულება ვერც ექნება საქართველოს, გარდა უკრაინის მხარდაჭერისა. ჩვენც ბოლო დეკადების განმავლობაში ზუსტად იმავე აგრესიის მსხვერპლი გავხდით, რომლის მსხვერპლი დღეს არის უკრაინა. მიგვაჩნია, რომ ეს არის დიდი უსამართლობა. უკრაინას სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა ამ აგრესიის შეკავება, დეესკალაცია მოხდეს. არ ვთვლი, რომ განცხადების გაკეთება დავაგვიანეთ, ვინაიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო პარლამენტს შორის, ვინც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. იცით, რომ უკრაინაში მაღალი დონის ვიზიტები შედგა და ასევე, საქართველოში საპასუხო ვიზიტები. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. თუ ვინმე ხელს უშლიდა ამ ურთიერთობებს, ეს იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, მართალი გითხრათ, დღეს ნაკლებად მსურს ვისაუბრო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და იმ პოლიტიკურ პროვოკაციებზე, რომელსაც ასეთ მომენტში ოპოზიციის ეს ნაწილი აკეთებს.

ყველა ის ნაბიჯი, რაც საქართველოს შეეძლო და შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად, არის გადადგმული. ჩვენ კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უკრაინაში მშვიდობას.
პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა ყველა ფორმატში, ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობდა ეუთო-ს მაღალი დონის ფორმატში, სადაც საქართველო უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს შეუერთდა – იმ განცხადებას, რაც კომიტეტმა შეიმუშავა. აქვე მინდა, გითხრათ, რომ ოპოზიციამ ამ სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო და ადგილზე არ ჩავიდა იმისთვის, რათა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.
ასევე, ეს არის ჰუმანიტარული დახმარების მომზადება, რომელიც უკვე მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში საქართველო მოამზადებს არსებით პაკეტს ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების დასახმარებლად. რასაკვირველია, ეს არის თანამშრომლობა იმ განზომილებაში, სადაც საქართველოს ტერიტორიების 20%-იც არის ოკუპირებული და სამწუხაროდ, ჩვენ გავიარეთ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოკუპაცია გრძელდება. ეს არ არის ის პროცესი, რომელიც საქართველოში დასრულდა და ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანის უფლებები ირღვევა. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ახლა ვმუშაობთ ახალ, კიდევ ერთ რეზოლუციაზე, სადაც უკვე დღეს არსებული ვითარების შესახებ გავაკეთებთ განცხადებას და ჩვენს შეფასებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები