მეუფე იაკობი: ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა და შეშინებულები არ უნდა ვიყოთ
მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი. მინდა, ჩემს ერს მოგმართოთ – დავფიქრდეთ, თუ რის წინაშე ვდგავართ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა და შეშინებულები არ უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.
„როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, რადგან არ შეიძლება, ბოლომდე შეიარაღებულებმა ბოლომდე დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც ნატოზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს, სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია.
დღეს საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დგას. არამარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. 2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და იქ სიკეთე შეიტანეს თუ რა? მოასხდნენ თავზე და არიან ისე, ამიტომ მინდა ჩემს ერს მოგმართოთ – დავფიქრდეთ თუ რის წინაშე ვდგავართ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა, შეშინებულები არ უნდა ვიყოთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს მაინც, ერთმანეთში შუღლი არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.