ანასტასია ახვლედიანის პერსონალური გამოფენა – „ართქმული“ გაიხსნება
26 თებერვალს, 15:00 საათზე, „ღია სივრცე“ ანასტასია ახვლედიანის პერსონალურ გამოფენას – „NEVERTOLD/ართქმული“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ართქმული“ არტისტის პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში.
ანასტასია ახვლედიანი 1996 წელს დაიბადა, თბილისში მცხოვრები ხელოვანია. 2018 წელს დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (VAADS), ფერწერის მიმართულებით. მონაწილეობა მიიღო არაერთ ჯგუფურ გამოფენასა და სარეზიდენციო პროგრამაში – როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2018 წელს, ბარსელონაში, რეზიდენციის JIWAR Barcelona ფარგლებში, ანასტასიას წარმოდგენილი აქვს სოლო გამოფენა.
„ექსპოზიცია აერთიანებს რამდენიმე მედიუმს – ფერწერა, ობიექტი, სივრცული ინსტალაცია. ნამუშევრების ნაწილი სპეციალურად გამოფენისთვისაა შექმნილი, ნაწილი კი უფრო ადრინდელი პერიოდისაა. წარმოდგენილი ნამუშევრების გამაერთიანებელი ხაზი გაგონილი ისტორიებია.
ანასტასია ახვლედიანის ბოლოდროინდელი სახელოვნებო პრაქტიკა დაკვირვებაზეა დამყარებული. არტისტის ინსპირაცია ამ პროექტისთვის, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გაგონილი, არაემპირიული ისტორიებია, რომლებიც მეხსიერებაში დალექვის შემდეგ, ხშირად ფორმირებას და სახეცვლილებას განაგრძობენ. მათი პერსონაჟების ადგილს სხვა ადამიანები, ზოგჯერ თავად ავტორი იკავებს. ისტორიების განვითარების გზები სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდება, როგორც პარალელურ სამყაროებში.
„ართქმული“- რეალური, მოსმენილი ისტორიების არტისტის მეხსიერებისა და ფანტაზიის პრიზმაში გარდასახვის შედეგია, ამიტომ მათ შორის ხშირად ვხვდებით ფანტასტიკურ არსებებსა და პერსონაჟებს. Ზოგიერთი დეტალი სხვადასხვა ნამუშევარში მეორდება, რაც მეხსიერების მუშაობას ჰგავს, ისევე, როგორც უცნობი მიზეზებით გამეორებულ სიზმარს.
ანასტასიას ნამუშევრებში ხშირად გვხვდება ზრუნვის სიმბოლოებიც, ამ ასოციაციას დიდწილად აღძრავს ნაქარგის, როგორც ფემინურ მზრუნველობასთან დაკავშირებული მედიუმის სიმრავლე მის ნამუშევრებში. Ნაქარგს ავტორი ხშირად უპირისპირებს უხეშ, არათანაბრად დატანებილ თაბაშირს. იმავე პრინციპით, ავტორის ფერწერების სიუჟეტებშიც ხშირად გვხვდება ერთად უხეში კონტურები და ფემინური დეტალები. არტისტი თაბაშირს ფერწერაშიც ხშირად იყენებს და ქმნის რელიეფურ ფერწერულ ნამუშევრებს, რაც მისი ამჟამინდელი ხელწერის განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
Მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის I შესახვევი, №2, „ღია სივრცე“.