რუსეთის სახალხო არტისტმა ლია ახეჯაკოვამ კულტურის მოღვაწეებს მიმართა, მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მკაცრად დაგმო.
“კულტურის მოღვაწეებს მივმართავ: დრო მოვიდა, როდესაც უნდა ვილაპარაკოთ და გამოვხატოთ ჩვენი აზრი. ეს შესაძლებლობა ჩვენ ალბათ აღარც გვექნება. უამრავი ტყუილი ვრცელდება და ისე ედება ყველაფერს…უკვე სამყაროც ვეღარ უძლებს… ჩვენი სიტყვებით, ქმედებებით, კორუფციით ყველაფერი დავატალახიანეთ.
ჩვენ ვლადიმერ პუტინისაგან “ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს” გავეცანით, პუშილინთან (ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მეთაურთან) და “მოტოროლასთან“ (ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის საველე მეთაურთან, მეტსახელად “მოტოროლა“) ერთად. ეს მთელმა მსოფლიომაც მოისმინა… დონბასის აღიარება წარმოუდგენელი საძაგლობაა… გამოუსწორებელი რამ მოხდა! ეს მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ჰგავს! რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია თავისი სისასტიკის, უზნეობის გამო. მეჩვენება, რომ შედეგები ძალიან მძიმე იქნება. როდესაც ქვეყნის კეთილდღეობის სათავეში არა ეკონომიკა, არამედ სხვადასხვა ძალოვანები დგანან, ეს ძალიან საშიშია”, – აღნიშნა ახეჯაკოვამ მიმართვაში.