BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის პირობებს გაეცნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ და გააცნეს ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც 2022 წლის 1-ლი მარტიდან ის მეწარმე სუბიექტები, ვისაც ექნებათ საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარი და მეტი (და ფლობენ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს), სპეციალური წესის სტატუსის გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ ანგარიშ-ფაქტურების გაცემას, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის მიხედვით, მოსარგებლე პირების მიერ, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხა აისახება ბიუჯეტში. ასევე, ინიციატივის თანახმად, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ პირს არ ეზღუდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხის ჩათვლა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, კომპანიის წარმომადგენლებს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

აღნიშნული სიახლის შესახებ გადასახადის გადამხდელებთან საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებშიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები