ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ სტადიაშია და მეორე პიკის საშიშროებაც გადავიარეთ.
„ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახსნადია. როგორც წესი, ინფიცირების პიკს გარდაცვალების მაჩვენებლის მატება პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება.
კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა. რეალური საშიშროება, რომ ქვეყანაში 2-პიკიანი ტალღა გვქონდეს, ეს პერიოდი გავლილი გვაქვს. მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ. მომდევნო დღეების განმავლობაში ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძე.
შეგახსენებთ, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 7 223 პაციენტი და გარდაიცვალა 48 მოქალაქე.