პრეზიდენტი: როდესაც დემოკრატიული ქვეყანა არ პასუხობს აგრესიას შეიძლება ეს ვინმემ დემოკრატიის სისუსტედ აღიქვას, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია

როდესაც დემოკრატიული ქვეყანა არ პასუხობს აგრესიას შეიძლება ეს ვინმემ დემოკრატიის სისუსტედ აღიქვას, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატია ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავს.

“რაც დღეს ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, ამერიკელი პარტნიორების სანქციებიც. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, შეიძლება, ეს ვინმემ დემოკრატიის სისუსტედ აღიქვას, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია.

როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას, ავტორიტარულ რეჟიმს შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა, მოქალაქეთა სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა შემდეგ სისუსტის საგნად. რა თქმა უნდა, რეაგირება სანქციებით ხდება. მიმაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამერიკელი ინვესტორები არ ჩავიდოდნენ ამ ორ რეგიონში, ლუგანსკში არ ჩადებდნენ ფულს, მაგრამ ეს არის სიგნალი. სიგნალი იმისა, რაც მოდის მომავალში, რაც მოხდება.

ბუნებრივია, სანქციები ადრე ნანახისგან ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული. თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ წარსულისგან, 2008 წელს საქართველოში შემოსვლისა და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. რუსეთს ამის ფასი სრულად არ ჰქონდა გადახდილი და ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები