ნინო ლომჯარია: ეუთო/ოდირ-ის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნაჩქარევი იყო

ეუთო/ოდირ-მა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, რომელიც სახალხო დამცველის მოწვევით მოამზადა.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, ეუთო/ოდირ-ის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები.

“მათი შეფასებით, ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ეუთო/ოდირ-ის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე”, – აცხადებს ომბუდსმენი.

ეუთო/ოდირ-მა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა.

“ეუთო/ოდირ-მა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა, მათ შორის: აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა; იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება, დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე; დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა და პროკურორების მიერ. ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად უკვე გაეგზავნა, ხოლო, ეუთო/ოდირ-ის შეფასება ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე უახლოეს მომავალში იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები