მამა შალვა კეკელია: მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემ წინააღმდეგ
“ეს უმძიმესი და უსაშინლესი ფაქტი იყო, რაც ვნახე, მიუღებელი და წარმოუდგენელია – ქრისტიანი ასე იქცეოდეს. მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემ წინააღმდეგ, ჩემს სახელს და გვარს ახსენებენ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი?”, – ასე გამოეხმაურა მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მორჩილის მიერ რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი.
მამა შალვა კეკელიას თქმით, დაპირისპირებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
“ეს უმძიმესი და უსაშინლესი ფაქტი იყო, რაც ვნახე, მიუღებელი და წარმოუდგენელია – ქრისტიანი ასე იქცეოდეს. მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემ წინააღმდეგ, ჩემს სახელს და გვარს ახსენებენ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი?
ვისაც ცემენ, ის ადამიანი სასწავლებელში მოვიდა და, როგორც მოძღვარს, მთხოვა, ლექციებზე მიმეცა დასწრების უფლება, რომ თავისუფალი მსმენელი ყოფილიყო, დავრთეთ ამის ნება და დაიწყო ლექციებზე სიარული. ერთი კვირის შემდეგ, ჩემმა სტუდენტმა მანახა ვიდეო, უმძიმესი ვიდეოა, რის შემდეგაც დავიბარე და ვუთხარი, რომ ჩვენთან ლექციებს ვერ დაესწრებოდა. ეს ადამიანი კიდევ ვნახე და ვუთხარი – აღარ დაგინახო ამ ტერიტორიაზე ახლოს გაკარებული-თქო. გადავიყვანე საპატრიარქოში და შევახვედრე მეუფეებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ შესამოსელში იქნებოდა, ქალაქში გასვლა ეკრძალებოდა, უნდა ყოფილიყო მონასტერში და მონასტრის ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც აეკრძალა ქალაქში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვნახე ჯვრის მონასტერთან, იმ მომენტში მე მას დავემუქრე, ეს იყო 2019 წელს. ჩემი მუქარის გამო მიჩივლა, დამიბარეს პოლიციაში და ყველაფერი მოვუყევი. მღვდლებს არ გვაქვს ადამიანის ცემის უფლება, ვუთხარი შენ არ გაქვს უფლება, რომ ჩვენი შვილები გარყვნა. ჩემგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ვიღაცას გავუსწორდე, სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა.
პოლიციაში რომ ვიყავი და ჩვენებაც მივეცი, დიახაც, ვუთხარი, რომ მე მას დავემუქრე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მოვკლავდი ან ვცემდი. უბრალოდ ვუთხარი, რომ ამის გასაქანს არ მოგცემ და არავინ მოგცემს. არიან ადამიანები, პოლიციას გამოვიძახებ და ამის გამო დაგიჭერენთქო. მუქარის გამო მიჩივლა.
კეკელიაზე გადმოვიდა ყველაფერი – ერთმა ბერმა სცემა მეორე და მამა შალვაზეა საუბარი. ერთი მოექცა მეორეს ცუდად და მამა შალვა რა შუაშია?! რას ნიშნავს ადამიანი მივუგზავნე, ბერი მივუგზავნე ბერს საცემად, ეს უბრალოდ ძალიან დიდი სირცხვილია. ეს ვიდეო არის უსაშინლესი, უმძიმესი, და ასე ღმერთის დასჯა არ შეიძლება, ასე ღმერთს, სიწმინდეს არ იცავენ. ყველა ადამიანს უშველოს”, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი. ვიდეოში ჩანს, რომ მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი ფიზიკურად უსწორდება როინ მუმლაძეს, რომელიც აღნიშნულ ეპარქიაში ბერი იყო, მაგრამ ეპარქიას და სასულიერო ცხოვრებას ჩამოაშორეს. დაპირისპირების მიზეზი როინ მუმლაძის მიერ ანაფორის ჩაცმა გახდა.