ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, შემცირდება მთავრობის ვალის მაჩვენებელი და ჩამოსცდება მშპ-ს 48 პროცენტს
„მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლის მიღწევაც დაგეგმილია მიმდინარე წელს.
„2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვაქვს მშპ-ს 4,4 პროცენტის დონეზე, თუმცა, ვფიქრობთ, არსებული პროგნოზების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მისი შემცირება 4,1 პროცენტამდე. ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდება მშპ-ს 48 პროცენტს. მნიშვნელოვანი პარამეტრია მთავრობის დანაზოგების მოცულობაც. აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდე მშპ-ს 5 პროცენტის ფარგლებში იყო.
პანდემიის გავლენით, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი უარყოფითი გახდა, ხოლო 2021 წელს 1 პროცენტზე ნაკლები შეადგინა. ეკონომიკური აღდგენის პარალელურად, 2022 წელს მთავრობის დანაზოგების დონე დაუახლოვდება პანდემიამდელ ნიშნულს და 4 პროცენტს გადააჭარბებს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის დანაზოგების ზრდა მაღალი მოცულობის კაპიტალური ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები 5,9 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო მშპ-სთან მიმართებით 8,7 პროცენტი იქნება.