პროკურატურამ სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის მკვლელობის და არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.წ.-სთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20 000 აშშ დოლარი ჰქონდა შენახული. ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ზემოაღნიშნული პირების მოკვლა გადაწყვიტა. 10 თებერვალს, საღამოს საათებში, გ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა გ.ჯ.-ს და მის მეუღლეს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.