ენერგოომბუდსმენი: „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი
ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი.
მისი თქმით, სამუშაო კვირა ნაყოფიერი იყო.
„კომისიამ მუშაობა დაიწყო. ეს იყო პირველი სამუშაო კვირა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც შემდეგ აქტიურ მუშაობაზე გადავიდა. უწყვეტი ინფორმაცია მაქვს კომისიიდან, რომ მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი შეამოწმეს, სასურველი ინფორმაცია მიიღეს, რომელიც აუცილებელია შემოწმებისთვის.
კომპანია ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. პირიქით, დაინტერესებულია, რომ გამოავლინოს ყველა ის ხარვეზი, რაც შეიძლება არსებობდეს, ასევე მიიღოს შესაბამისი რეკომენდაცია.
ვთვლი, რომ კომისიის მხრიდან პირველი სამუშაო კვირა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ბევრი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ასევე იყო კომუნიკაცია მომხმარებლებთანაც, როდესაც ურეკავდნენ კომისიის წევრები მომხმარებლებს და პირადად იკვლევდნენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯიანობა. კერძოდ, ხომ არ შეიცვალა დანადგარები? ხომ არ ჰქონდათ სპეციალური გარემოება? დაწვრილებით ხდება ანალიზი თუ რა შეიძლება მომხდარიყო თითოეულ აბონენტთან“,- განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.
ცნობისთვის, სემეკი 3 მარტამდე შეისწავლის, რამდენად სწორად დარიცხეს თბილისში ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა „თელასმა” და „თელმიკომ” დავალიანების შესახებ მონაცემები. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს ზედმეტად დაერიცხათ თანხები, ასეთ შემთხვევაში კომპანიას დაევალება, ზედმეტად გადახდილი თანხები მომდევნო თვის გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს.
შეგახსენებთ, რომ არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი მისდის. ამასთან, გასულ წელს სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო “თელასი” 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა.