ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს, 2021 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, სხდომაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული გლობალური და რეგიონული ხასიათის კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ისევე, როგორც სამსახურის საპასუხო ნაბიჯები აღნიშნულის საპასუხოდ საანგარიშო პერიოდში.
„მოხსენების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამსახური ეფექტიანად უზრუნველყოფდა უსაფრთხოების გარემოს სკანირებას, საფრთხეებისა და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას, ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის სხვა მომხმარებელი სუბიექტების შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტით უზრუნველყოფას. სამსახურმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბერაიამ.
ირაკლი ბერაიას შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ასევე ნდობის ჯგუფს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ დაზვერვის სამსახურთან, რაც არაერთი მოსმენით და საზედამხედველო ვიზიტებით დასტურდება.
როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აუცილებელია სამსახურს ჰქონდეს სტაბილურად მზარდი დაფინანსება და პარლამენტის მხრიდან უწყებას ამ მხრივ აქვს და ყოველთვის ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა.
„კანონმდებლები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას სამსახურის შემდგომი გაძლიერებისთვის და მისი დაფინანსების გაზრდისთვის“, – განაცხადა მან.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები, ნდობის ჯგუფს არაუგვიანეს 15 აპრილისა, წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებას წარუდგენენ.
2022 წელს, ნდობის ჯგუფში პირველი სხდომა 24 იანვარს გაიმართა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.