პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი – იმედი მაქვს, პირველი მარტიდან მთელ საქართველოში გაზაფხულდება

იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება პირველი მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, სფერო ბევრი გამოწვევის წინაშეა.

„იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა, იმის იმედი უფრო მაქვს, რომ ინსტიტუციურ საკითხს უფრო დავალაგებ მომავალში და გაზაფხულდება პირველი მარტიდან. მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება პირველი მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული. ჩვენ ქართველები ვართ, საქართველო ვართ და უნდა ვაჩვენოთ მთელ ევროპას, როგორ შეგვიძლია თუნდაც GDPR-თან დაკავშირებით ისეთი გამოწვევები შევასრულოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მაგალითი მათთვის, ჩვენი პრეცედენტების საფუძველზე მიიღონ სხვებმა გადაწყვეტილება. ვიცი, რომ ეს შეგვიძლია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად, ერთმანეთთან დგომით, ერთმანეთის პატივისცემით უნდა გავაკეთოთ. სიტყვა „პატივი“ კონსტიტუციიდან გაქრა, ამიტომ ყველას ღირსება ხელშეუვალია. კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლები იმდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომ ძალიან რთული ხდება ინტიმური დაცული სფეროს განსაზღვრა ზოგადად, რა ხდება და რისი დაცვა გვჭირდება. ამიტომ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ და დარწმუნებული ვარ, ბევრი პრეცედენტიც შეიქმნება საქართველოში, რომელიც ამ საკითხებს გადაჭრის“, – განაცხადა ალფაიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ალფაიძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებული კითხვის მეთოდი აქვს და დოკუმენტებს სწრაფად ეცნობა. მისივე თქმით, ანგარიშების ტექსტუალური ნაწილი თითქმის ერთნაირია და მხოლოდ სტატისტიკა განსხვავდება.

„მაქვს განსაკუთრებული კითხვის მეთოდი – დიაგონალური კითხვის, დოკუმენტს ვეცნობი ძალიან სწრაფად. ეს, ალბათ, ბევრი კითხვიდან გამომდინარეობს. რომ გადავხედე ანგარიშებს, ტექსტუალური კონტენტი ყველგან ერთია. იმ ანგარიშებში განსხვავება მხოლოდ სტატისტიკებშია, მომართვიანობის, ინსპექტირების, გადაწყვეტილებების მიღების… რაც არ უნდა მზარდი იყოს მომართვიანობა, ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძელით ცნობიერების ამაღლება, არც ციფრებს აქვს მნიშვნელობა. მთავარი გადაწყვეტილებებია, რასაც ვიღებთ და ამ გადაწყვეტილებებში მთავარია არგუმენტი. ვიცით, რომ ბევრი დიაგნოზი არსებობს, ერთი ექიმი ერთს დასვამს, მეორე – მეორეს, მაგრამ სამართალში ასე არ არის, ჩვენთანაც ვერსიებია, ბევრი ვერსიები, მაგრამ გვჭირდება არგუმენტები და მტკიცებულებები. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უშეცდომოდ დიაგნოზის დასმა, ხვალ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უსაფრთხოდ გადაგვაადგილოს ერთიდან მეორე პუნქტში, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანთა პროფესიები ეწირებიან, პროფესიები ქრებიან. რა საჭიროა თუნდაც ამდენი ავტომობილი, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს? მივესალმები მწვანე დიზაინის კონცეფციას და ხელოვნური ინტელექტის მძღოლებსაც; მივესალმები ინფორმაციულ თანხმობას“, – განაცხადა თამარ ალფაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები