“დაიკითხება 9 მოწმე” – ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტებზე 6 ბრალდებულის სასამართლო პროცესი იმართება.
დღევანდელ პროცესზე მოძრაობა ”სირცხვილიას” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირების ეპიზოდს განიხილავენ.
დღევანდელ პროცესზე 9 მოწმე, მათ შორის სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტები და გამომძიებლები დაიკითხებიან.
საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, აღნიშნულ ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი არიან ,,ტვ პირველის” ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა და ,,პირველი არხის” ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
,,დღეს ექვსი ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება, მოცემულ ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილები არიან ,,ტვ პირველის” ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა და ,,პირველი არხის” ოპერატორი ილია თვალიაშვილი. ამ ეპიზოდის გაერთიანება მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი აქვს როგორც მირანდა ბაღათურიას და ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ასევე ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გრძელდება მტკიცებულებების გამოკითხვა და დაიკითხება 9 მოწმე, რომლებიც სასამართლოს 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე მიაწვდიან ინფორმაციას”, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს ჯამში 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.