პენიტენციური სამსახური ,,ილი ჯგუფთან” დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სპეციალური პენიტენციური სამსახური შპს ,,ილი ჯგუფის” მიმართ ჯარიმის დაკისრების შესახებ ინფორმაციას მალავს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას წარმოადგენს. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია კვების ინსპექტირების კომისიები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებითვე, არ დაფიქსირებულა პატიმრების საკვებით მოწამვლის ან, მით უმეტეს, მასიურად მოწამვლის ფაქტი.
რაც შეეხება, შპს “ილი ჯგუფთან” ხელშეკრულების შეწყვეტას, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თითოეული დაკისრებული ჯარიმა კომპანიის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და სპეციალური პენიტენციური სამსახური სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს.