ივანე ჩხაიძე: თუ მომდევნო სამშაბათს ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 200-ზე ნაკლები იქნება, მეტად დაჯერებით შევძლებთ, ვთქვათ, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს ტალღა დასრულდება
“თუ მომდევნო სამშაბათს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 200-ზე ნაკლები იქნება, მეტად დაჯერებით შევძლებთ, ვთქვათ, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს ტალღა დასრულდება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
„თუ გადავხედავთ დღევანდელ სტატისტიკას, 2 თებერვალს, საქართველოში შემთხვევების მატებიდან ზუსტად 4 კვირის შემდეგ, დაფიქსირდა დღეისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 26 200 შემთხვევა და დღეისათვის ეს რჩება პიკურ მაჩვენებლად. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ სწორედ 2 თებერვალს დაფიქსირებული მაჩვენებელი იყოს მეექვსე ტალღის პიკი საქართველოში და როგორც ახლა, 2 თებერვლიდან დღემდე შემთხვევები თანდათან მცირდება, ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომდევნო დღეების განმავლობაში. თუმცა, მაინც ვიტოვებთ გარკვეულ პერიოდს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ ამ 4-6-კვირიანი პიკის მიღწევის ხანგრძლივობა და თუ მომდევნო კვირაში, კერძოდ სამშაბათს, ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 200-ზე ნაკლები იქნება, მაშინ უფრო მეტად დაჯერებით შევძლებთ ვთქვათ, რომ საქართველოში ამ ტალღის დაღმავალი პერიოდი დაიწყო და გვექნება მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს ტალღა დასრულდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.