სკოლა “აიბი-მთიები” “დისკრიმინაციული ნიშნით თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას” ეხმაურება

სკოლა “აიბი-მთიები” დისკრიმინაციული ნიშნით თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“2022 წლის 8 თებერვალს მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლა „აიბი-მთიების“ ისტორიის მასწავლებელმა ამავე სკოლის დირექტორს შვებულებით დროებით სარგებლობის თაობაზე ორსულობის (შემდგომში, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის) მიზეზით მიმართა, ამ უკანასკნელმა კი სკოლის მასწავლებელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გვინდა ცალსახად განვმარტოთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და სკოლის დირექტორისთვის თანამშრომლის ორსულობის ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ომბუდსმენმა სკოლას შესაბამისი კორესპოდენციით მომართა. სკოლამ როგორც არაერთხელ აღნიშნა დასაქმებულ ნ.ს. შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2021 წლის 15 სექტემბრიდან, ორი კვირის მანძილზე უძღვებოდა სასწავლო პროცესს და 2022 წლის 9 თებერვლის ჩათვლით ითვლება სკოლის თანამშრომლად. ხსენებულის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაცია წუხილს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები არაა ასახული სრულად და შესაბამისად, გამოტანილი დასკვნები არ შეესაბამება რეალობას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულის განცხადების განხილვის პარალელურად აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერაც. ადმინისტრაციული წარმოების დროს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელდა არაგეგმიური ინსპექტირება სკოლა „აიბი-მთიებში“, რა დროსაც დათვალიერებულ იქნა სამუშაო სივრცე, გამოთხოვილ იქნა შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ თანამშრომლები, მათ შორის, მიმდინარე პერიოდისთვის დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლები. ინსპექტირების განხორციელების, საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის, დოკუმენტაციის და გასაუბრების შედეგად მიღებული გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, არ იქნა დადასტურებული სკოლა „აიბი-მთიებიდან“ დისკრიმინაციული მოტივით დასაქმებულის გათავისუფლების ფაქტი. რაც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას „შრომით ურთიერთობაში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავის შეკავების და საქმიანობის განხორციელებისას თანასწორობის პრინციპების უპირატესი დაცვით ხელმძღვანელობის შესახებ“, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სკოლა მსგავს მიდგომას მუდამ იზიარებდა და მომავალშიც გაიზიარებს!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები