თამარ გაბუნია: პენიტენციური სამსახური მართავს სიტუაციას და გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის უკონტროლო შემთხვევების შესახებ – არასწორია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პენიტენციური სამსახური მართავს სიტუაციას და გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის უკონტროლო შემთხვევების შესახებ, არასწორია.

გაბუნიას ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში აქამდე დაფიქსირებული, კორონავირუსის შემთხვევები მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იყო.

“პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სამსახურთან ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა მთელი პანდემიის პირობებში. ტესტირების პროგრამა დღემდე აქტიურად მიმდინარეობს იმისთვის, რომ პრევენციულად მოხდეს გამოვლენა და არც ერთი ინფიცირებული არ დარჩეს პენიტენციურ დაწესებულებაში და არ გახდეს ინფიცირების წყარო. ასევე, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის პენიტენციურ დაწესებულებებში როგორც თანამშრომლებს შორის, ასევე, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის, რაც ქმნის დაცვის კარგ გარანტიას. “ბუსტერ” დოზების ადმინისტრირებაც დაწყებულია და 3000-ზე მეტ პირს აქვს უკვე “ბუსტერ” დოზა მიღებული. რაც შეეხება ინფიცირებული პირების მართვას: ინფიცირებული პირების მართვისთვის სამოქალაქო სექტორში შექმნილია შესაძლებლობები, ეს არის „ვივამედის” დაწესებულება და ნანეიშვილის სახელობის ცენტრი, სადაც შექმნილია ერთი სპეციალური კორპუსი, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა, პენიტენციური დაწესებულების მიზნებისთვის არის ყველანაირი შესაძლებლობა და იზოლაცია ხდება იქ. აქამდე დაფიქსირებული შემთხვევები ყველა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. მიმდინარე პერიოდშიც პენიტენციური სამსახური აბსოლუტურად მართავს სიტუაციას.

გავრცელებული ინფორმაცია უკონტროლო შემთხვევების შესახებ არის აბსოლუტურად არასწორი და გადაჭარბებული და მე მინდა, მოგიწოდოთ, ნუ აჰყვებით ამ არასწორ ინფორმაციას. სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებულია პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდის მართვისთვის, არის გამართული ყველა მიმართულებით, როგორც პრევენციის, ასევე შესაფერისი სამედიცინო სერვისის გაწევის კუთხით. მე მაქვს ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომ გავრცელების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი და სადაც ხდება ინფექციის დადასტურება, ყველას მართვა არის შესაფერის პირობებში უზრუნველყოფილი”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები