სტუდენტების მიერ „საქართველოს თანასწორობის ასოციაცია“ ფუძნდება

ხვალ „საქართველოს თანასწორობის ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართება. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია გენდერულად დაბალანსებული, სამართლიანი გარემოს შექმნასა და თანასწორობის მიღწევისთვის ახალგაზრდების გაძლიერებაზე იმუშავებს.
ასოციაცია საუნივერსიტეტო სივრცეში შექმნის და გააერთიანებს სტუდენტთა „თანასწორობის კლუბებს“.
„საქართველოს თანასწორობის ასოციაცია“ პირველ პროექტს ,,თანასწორობის სკოლა“ მიმდინარე წლის თებერვალში ბაკურიანში გეგმავს, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული 40 ახალგაზრდა მიიღებს.
,,გენდერული პრობლემების სიღრმისეული გააზრებისა და სათანადო გარემოში აღმოჩენის შემდეგ გაგვიჩნდა ქალთა გაძლიერების მიმართულებით უნივერსიტეტებსა და მათ გარეთ აქტიური მუშაობის დაწყების სურვილი. ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საჭიროებას’’, –  აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე, სტუდენტი ნინი შაქარაშვილი.
პრეზენტაციას უნივერსიტეტების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი, საერთაშორისო და სტუდენტური ორგანიზაციების, ფონდების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება ,,ფაბრიკაში’’ 8 თებერვალს, 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები