საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2022 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო

1-ლი თებერვლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს საგრანტო პროგრამაში – „იყავი შენი ქვეყნის საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღებას.

აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში, დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, შექმნან საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელი, ასევე განახორციელონ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს.

ინფორმაცია მიმდინარე წლის კონკურსის შესახებ:

* პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთი, თურქეთის რესპუბლიკა, იაპონია, ირლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთის სამეფო, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა.

* კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;

* „ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები;

* განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youngambassador@mfa.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები