“ტყიბულის შახტში აფეთქების დროს მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ტყიბულის შახტში აფეთქების დროს მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა – არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.
უწყების ცნობით, პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა.
კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით.
გარდა მეთანის კონცენტრაციის სიჭარბისა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.
ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.
სამინისტროს ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა
“გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.
შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ერთი პირი გარდაიცვალა.