ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული რვა პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
ექიმების განცხადებით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დამწვრობა აღენიშნებათ, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, დანარჩენების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.
სავარაუდოდ, აფეთქება გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ამ დროისთვის, უბედური შემთხვევის დეტალები უცნობია.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.